პროკურატურის განცხადებით, მათ გენდერის ნიშნით არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახში ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა. ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით); 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) წარედგინა.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.