საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა“, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.