ოჯახში ძალადობისთვის 2019 წელს 4 564 პირი მიეცა პასუხისგებაში

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის  2019 წელს წარმოებული საქმეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს ოაჯახში ძალადობისთვის 4 564 პირი მიეცა პასუხისგებაში და უმეტესი მათგანი დააკავეს. 

ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით,  2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც როგორც განაცხადა, ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5 621 შემთხვევაზე.

„2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად:

• შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.

• 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

• შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს – 14 ქალი, 2018 წელს – 7 ქალი, ხოლო 2019 წელს – ასევე 7 ქალი.

• გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს – 9 პირი, “- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება:“ ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა.”