„ტვ პირველი“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბების გადაცემაში ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და წამყვანი თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
პარლამენტის წევრი თამარ ჩიხლაძეს ერთ-ერთი გადაცემის გამო აკრიტიკებს, სადაც ჟურნალისტმა ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული პირი მიიწვია ეთერში. ვახტანგ რობაქიძემ გადაცემაში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ ისაუბრა.
დიანა ტრაპაიძემ ანრი ოხანაშვილს მოუწოდა, მიმართოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, სადაც ჟურნალისტურ საქმიანობას ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებთან მიმართებით განსჯიან.
ჟურნალისტის ამ მოწოდებაზე ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ჩივილს აზრი არ აქვს, როცა ადამიანს მორალი და ზნეობა არ გააჩნია.
„მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როცა ამ სტანდარტს გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი არ აქვს. დისკომფორტის განცდა არ გაქვთ იმის გამო, რაც თქვენმა კოლეგამ გააკეთა. მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ის ვერ მიხვდება ვერაფერს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ანრი ოხანაშვილმა.