ოხანაშვილი: ყიფიანი გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ივანიშვილთან

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა.

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან. ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანს საზოგადოება იცნობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს. ის ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს მედიასთან აქტიურად აკეთებდა. მათ შორის, 28 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩევლებმა მორიგი სტატია გამოაქვეყნეს.

ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში 7-9 მარტს მიმდინარე პროცესებზე მედიასთან ინტერვიუშიც ისაუბრა. მან გააკრიტიკა რუსული კანონპროექტების ინიციატორები და თქვა, რომ გაუგებარია რას ემსახურებოდა ამ კანონპროექტის ინიციირება  და ასეთი ვნებათა ღელვის გამოწვევა. მისი თქმით, ამ კანონპროექტებს უფრო მეტი მინუსები ჰქონდა, ვიდრე პლუსები.