დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. „მთავარ არხთან” საუბრისას რობაქიძე ჰყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში მყოფს მუცლის არეშიც დაარტყეს.
„[როდესაც] მიმიყვანეს პოლიციაში, შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც შემოდიოდა უამრავი ადამიანი. როცა ალკოტესტს მიკეთებდნენ, მაგ დროს განახოციელეს ჩემ მიმართ მუცლის არეში ხელის დარტყმა… გამომძიებელმა მითხრა, რომ, რასაც მავალებენ, მე იმას ვაკეთებო. ძალიან მეცოდები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარო. ხელით მანიშნა, რომ ხო ხვდები, ზემოდან მოდის დავალებებიო“, – ამბობს რობაქიძე.
მისი ადვოკატის, რომან შონიას განცხადებით, რობაქიძის მიმართ დაკავების მომენტიდან ბოლო წუთამდე ყველა ფუნდამენტური უფლება დაირღვა, „დაწყებული დაცვის უფლებით, სამედიცინო შემოწმებით, მათ შორის ძალადობით პოლიციის განყოფილებაში”.
როგორც „პუბლიკას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რობაქიძის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
14 იანვარს ბაკურიანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად რობაქიძე დააკავეს. მას ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შემდეგ პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით წარუდგინა. ესენია: სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხულიგნობა ქმედება რომელიც გამოხატავს საზოგადებისადმი აშკარა უპატივცმულობას უხეშად არღვევს საზოგადებრივ წესრიგს ჩადენილი ძალადობის მუქარით) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ). მას აღკვეთის ღნისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე. ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს 3-დღიანი პატიმრობა. არ ვიცი, რატომ დარეკა. უბრალოდ, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს“, – ამბობს რობაქიძე „მთავარ არხთან” საუბრისას.