გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ჯანო ჭკადუა აცხადებს, რომ პოლიციამ დაკავებულის ოფისიდან ამოიღო კომპიუტერულ სისტემაში არსებული ჩანაწერები, თუმცა როცა ადვოკატები დაინტერესდნენ, რა კავშირი აქვს ამას მისთვის წაყენებულ მუხლებთან, პასუხი არ მიუღიათ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს ქონების დაზიანებას და 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც წესით, კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს მიერ ამოღებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერულ სისტემაში არსებული ჩანაწერები, სხვა რამე ნივთი ამოღებული არ იქნა.
რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ჩანაწერების ამოღება, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ დავინტერესდით, რა კავშირში შეიძლება იყოს კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაცია იმ მუხლებთან, რომელზეც არის გამოძიება დაწყებული, თუმცა პასუხი არ მიგვიღია”, – აღნიშნა მან.
ის აღნიშნავს იმასაც, რომ ჩხრეკის ოქმში საგამოძიებოს არ ჰქონდა მითითებული ის ნივთები, რისი ამოღება სურდა და მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი იყო.
„ჩხრეკის ოქმში უნდა ყოფილიყო მითითებული ის ნივთები, რის ამოღებასაც ფიქრობდა ან სურდა საგამოძიებო ორგანოს, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებაში არ აქვს მითითებული არავითარი ნივთი.
კომპიუტერულ სისტემებში არსებული მეხსიერების ბარათებია ამოღებული, უშუალოდ იქ რა ინახება, არ ვიცი. როგორც თანამშრომლებისგან მივიღე ინფორმაცია, ყველა ბარათი, რაც არის ამოღებული, არის სამსახურთან დაკავშირებული. ერთი ბარათი იყო, რომელიც თანამშრომლისთვის უცნობი იყო და ადგილზე შევამოწმეთ, აღმოჩნდა სამსახურთან დაკავშირებული”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა ოკმელაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.
პოლიციამ სარეკლამო სააგენტო „ლიმონის” ხელმძღვანელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. უწყება განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ოკმელაშვილს შსს ედავება პოლიციაზე თავდასხმას.