ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს და ამის საფუძველზე დახურული ტიპის ციხეში მოათავსეს

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს საშიშროების „საშუალო რისკი” „მომეტებული რისკით” შეუცვალეს და ნაცვლად იმისა, რომ გადაეყვანათ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, სასჯელის მოსახდელად დახურული ტიპის დაწესებულებაში მოათავსეს.

უფრო კონკრეტულად, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად მას საშუალო რისკი განუსაზღვრეს, აღნიშნული შესაძლებლობას იძლეოდა, ის განეთავსებინათ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. თუმცა გლდანის დაწესებულებიდან [სადაც ის წინასწარი პატიმრობისას იმყოფებოდა] სასჯელის მოსახდელად ის ისევ დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემდეგ კი გაირკვა, რომ მას რისკის სახე შეუცვალეს და დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება ამ საფუძვლით განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.

მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი განსაზღვრავს.

ოკმელაშვილს, 14 თებერვლის ბრძანებით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება განესაზღვრა.

„პუბლიკის“ ხელთ არსებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ აღნიშნული რეჟიმი 14 მარტის გადაწყვეტილებით შეიცვალა.

როგორც ადვოკატისთვის მიწერილ წერილში პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, „ოკმელაშვილს დაუდგინდა საშიშროების ,,მომეტებული“ რისკის სახე და სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში”.

ამჟამად ის ქსანში, N10 დახურული ტიპის დაწესებულებაში იმყოფება.

„პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის მოძიებას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ სხვა მსჯავრდებულებზეც.


იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არსებობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის 4 სახე – დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი.

დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

მაღალი რისკის მქონე   მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.


რას ამბობს პენიტენციური სამსახური?

„პუბლიკა“ დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს შეკითხვით, ერთთვიან ინტერვალში რამ განაპირობა მსჯავრდებულისთვის ე.წ. რისკის სახის დამძიმება, რა უდევს საფუძვლად გადაწყვეტილების ცვლილებას? ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ისეთ ფაქტს, რამაც გამოავლინა რისკის დამძიმების საჭიროება? უწყებაში განაცხადეს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთების შემთხვევაში, დაგვიკავშირდებიან.

ოკმელაშვილის დაცვის მხარე კი მსჯავრდებულისთვის პირობების დამძიმებას საქმეზე პოლიტიკური ინტერესის არსებობით ხსნის.

ადვოკატ კობა ბარამიას შეფასებით, მას შემდეგ რაც სამსახურის ხელმძღვანელობამ პერსონალურ დონეზე გაარკვია, თუ ვინ იყო მსჯავრდებული გიორგი ოკმელაშვილი და რაში ედებოდა ბრალი, მიიღო გადაწყვეტილება და თავდაპირველად განსაზღვრული შედარებით მსუბუქი რეჟიმი ამის საფუძველზე დაამძიმა.

„თავიდანვე იყო განსაზღვრული გიორგი ოკმელაშვილისა და აქციაზე დაკავებული სხვა პირების სამაგალითო დასჯა. თავდაპირველად, ალბათ რისკი განსაზღვრეს დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით და არ მიაქციეს ყურადღება სახელსა და გვარს, რის გამოც მოუწიათ შემდგომ ამ ბრძანების შეცვლა“, – ამბობს ბარამია.

მისივე ცნობით, არ ჰქონია ადგილი რაიმე ინციდენტს, რაც რისკის შეცვლის ობიექტური საფუძველი გახდებოდა.

ბარამია არ გამორიცხას, რომ ახალი ბრძანება უკანა თარიღითაც გამოეცათ, რათა დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით გაემყარებინათ.

„სამი დღის განმავლობაში ოჯახმა არ იცოდა, სად იმყოფებოდა ის. რომ ატყდა ამბავი, ჩემი ვარაუდით, შემდეგ განუსაზღვრეს რისკის ახალი სახე უკანა თარიღით, ანუ დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ.. სახალხო დამცველის აპარატიდანაც მიწერეს, დავუკავშირდი მეც, ვითხოვდი პასუხს, რატომ არის მსჯავრდებული განთავსებული დახურული ტიპის დაწესებულებაში, როცა სხვა კატეგორიის რისკი ჰქონდა განსაზღვრული. სამი დღის შემდეგ მაცნობეს, რომ თურმე მას შეუცვალეს რისკი. რაც არაა ჩემთვის დამაჯერებელი, ვფიქრობ, რომ უკანა თარიღით არის მიღებული ბრძანება, რათა მეათე დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ“, – ამბობს ბარამია.


რა სხვაობაა ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის დაწესებულებას შორის:

„ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, როგორც წესი, საღამოს 8 ან 9 საათიდან (გააჩნია დაწესებულებას) დილამდე პატიმრები არიან საკანში ჩაკეტილები, ხოლო დღის განმავლობაში არიან თავისუფალ რეჟიმში – მათ შეუძლიათ გავიდნენ ეზოში, დაკავდნენ იმ აქტივობებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა პენიტენციური დაწესებულება, ერთმანეთს ეწვიონ საკანში და ა.შ.

რაც შეეხება დახურული ტიპის დაწესებულებას, ეს მოიაზრებს პატიმრის განთავსებას საკანში, დღეში მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლებით“, – განმარტავს ადვოკატი.


გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 3 თებერვალს მიუსაჯეს. ის მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.

ბრალდების მხარის პოზიციით, მან აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სახეში იდაყვი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლო ოკმელაშვილის საქმის განხილვას 11 აპრილს იწყებს.