„ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა”, – საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია. შესაბამისად, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, სამწუხაროდ, კვლავ ისმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან.
„მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში. ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, ის რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არგამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა,ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.