ოკუპანტები დონბასში სიცოცხლეს მთლიანად ანადგურებენ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ 23 მაისის საღამოს გაკეთებული მიმართვისას თქვა, რომ ოკუპანტები დონბასში ნამდვილ ხოცვა-ჟლეტას აწყობენ და რეგიონს, ფაქტობრივად, ანადგურებენ.

„ყველაზე რთული სიტუაცია ახლა დონბასშია. ბახმუტი, პოპასნაია, სევეროდონეცკი – ოკუპანტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ამ მიმართულებითაა. მათ იქ ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, მერწმუნეთ, იქ სიცოცხლის მთლიანად განადგურებას ცდილობენ. არავის გაუნადგურებია დონბასი ისე, როგორც ამას ახლა რუსები აკეთებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ამაგრებენ პოზიციებს და კონტრშეტევების წამოწყებასაც კი ახერხებენ. ასევე, ცალკე გამოყო საზღვაო ქვეითები, რომელთაც დღესაც უკრაინა 23 მაისს აღნიშნავს.

ასევე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს უკრაინისთვის მიწის წაგლეჯას, სამხრეთისა თუ დონბასის მიმართულებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქ ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და მომდევნო კვირები ქვეყანაში მძიმე იქნება.

გუშინვე დავოსის სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს დონბასში უკრაინასთან შედარებით 20-ჯერ მეტი შეიარაღება აქვს და მათ კვლავინდებურად სჭირდებათ იარაღით დახმარება დასავლეთისგან.

„ჩვენ გვაკლია შეიარაღება, რადგან ვებრძვით ასეთ დიდ სახელმწიფოს, მრავალრიცხოვანი ჯარით. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი მეომრები გვყავს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.