ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს - რა ვიცით მომხდარის შესახებ

პუბლიკა

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო დაკავების მცდელობისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ლომისის ეკლესიაში მიდიოდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას ოფიციალური ცნობები მიაწოდა.

საქართველოს მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაისაჯონ დამნაშავეები.

რაც შეეხება შეკითხვებს, როგორ და რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა, სუსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ოფიციალურად დაზუსტებულ ცნობებზე საუბარი შეუძლია.

მან ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რის შედეგადაც მოკლეს ერთი, ხოლო უკანონოდ დააკავეს მეორე მოქალაქე. ანთაძე ამბობს, რომ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს და შემთხვევის „ოქროს მოწმე“ ლევან დოთიაშვილია, რომელიც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

სუსის წარმომადგენლის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ  დოთიაშვილი დაჭრილი არ არის და არ აქვს ფიზიკური დაზიანებები.

შეკითხვებზე, რა ტერიტორიაზე და რა მიზნით იმყოფებდნენ საქართველოს მოქალაქეები, ანთაძე პასუხობს, რომ ეს შეკითხვა არასწორია:

„ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ტერიტორიაზე მოხდა. ოფიციალურ განცხადებაა, რასაც მოგახსენებთ: ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას. „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ანთაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების თქმით, ეს მოხდა კირბალში არსებულ ეკლესიასთან:

„საქართველოს საპოლიციო ძალები ახორციელებენ პატრულირებას, მაგრამ ლოკაცია, როგორც საოკუპაციო ძალებმა განგვიცხადა, ეს მოხდა ეკლესიასთან, კირბალში არსებულ ეკლესიასთან. ეს ის ლოკაციაა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერმანენტულად ხელს უშლიან ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, რომ მათ მოინახულონ ტაძარი. ტაძარი, სამწუხაროდ, მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა ეკლესიის მიმდებარედ, მაგრამ ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა ვერ მოახერხეს. როგორც მოგახსენეთ, ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, რათა დავადგინოთ ყველა დეტალი“, – აღნიშნა მან.

შეკითხვაზე – ჰყავს თუ არა შემთხვევას სხვა თვითმხილველი – ანთაძე ამბობს, რომ მას შეუძლია ისაუბროს მხოლოდ დაზუსტებულ ინფორმაციაზე, სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი მიმდინარეობს მუშაობა.

„ამ მომენტისთვის „ოქროს მოწმე“, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ,  ეს გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ“, – აღნიშნა სუსის წარმომადგენელმა.

ანთაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დასკვნის გაცნობამდე ის ვერ ისაუბრებს თამაზ გინტურის ჭრილობების შესახებ.

„ჭრილობებს რაც შეეხება, მოკლული გადასვენებულია პროზექტურაში. ამიტომ მე ვარჩევდი, ჯერ გავეცნო სამედიცინო დასკვნას და მერე ვისაუბრო, რათა გამოვრიცხო უზუსტობები. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ყველა ჭრილობა, ერთი იყო თუ რამდენიმე, ერთიც რომ ყოფილიყო, იგი აღმოჩნდა სასიკვდილო“, – თქვა ანთაძემ.

ჟურნალისტებმა ირაკლი ანთაძეს გააცნეს ადგილობრივების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საოკუპაციო ძალებმა ქართველ სამართალდამცველებს დაჭრილი თამაზ გინტურის დახმარების საშუალება არ მისცეს. ამ ინფორმაციაზე ანთაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალებმა გაააქტიურეს ცხელი ხაზი და ამ გზით მოითხოვეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ლევან გინტური უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„მინდა გაითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ინფორმაციის მიღება და სასწრაფოს მისვლა დაახლოებით  30-40 წუთის განმავლობაში მოხდა. ამიტომ იმის თქმა, რომ პოლიციელები… ასეთი რამე არ ყოფილა. პოლიცია ადგილზე მივიდა და შემდეგ გადავიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა“, – განაცხადა ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე საოკუპაციო ძალებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან.

„ჩვენ მოვითხოვეთ დასჯა და რა თქმა უნდა, მათი გადმოცემა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პასუხი ამაზე ნათელია… რუსეთის საოკუპაციო ძალები წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციას, ისინი არ ექვემდებარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას…რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არ გააჟღერეს მონაცემები დამნაშავეების იდენტიფიკაციის შესახებ. მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც კირბალის მიმდებარედ უკანონო პატრულირებას ახორციელებდნენ“, – განაცხადა ანთაძემ.

მან გამორიცხა „საოკუპაციო ძალებთან ერთად ერთობლივი ჯგუფის შექმნა“ შემთხვევის გამოძიებისთვის. ანთაძე ამბობს, რომ დამნაშავეების გადმოცემის საკითხი დადგება, თუმცა ასევე ცნობილია, რა იქნება მათი მხრიდან პასუხი.

სუსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კირბალის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საპოლიციო ძალები.

რას ამბობს ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაკავების მცდელობისას წინააღმდეგობას უწევდნენ მესაზღვრეებს და საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს და საფრთხე შეუქმნეს მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევები იყენებდნენ ნაჯახს. შემდგომ, ისინი შეეცადნენ მესაზღვრეს მანქანით დასჯახებოდნენ და საქართველოში გადასულიყვნენ.

ამ უკანონო ქმედებებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობების შესაჩერებლად, მესაზღვრეებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ხოლო სამართლებრივი მოთხოვნებისადმი შემდგომი დაუმორჩილებლობის გამო ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილის საბურავებს”, – ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.