ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ე.წ. ოპოზიციონერი დააკავეს.
დაკავებულები არიან ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.
აფხაზური ტელეგრამარხების ინფორმაციით, დაკავების დროს მათ თავზე იარაღი მიადეს, „დაკავების პროცესი სასტიკი იყო”.
მათი დაკავების შემდეგ ასობით ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბა, სადაც დაკავებულები იყვნენ გადაყვანილი. მათ გადაკეტეს და დაბლოკეს 3 ხიდი, მათ შორის კოდორისა და გუმისთას ხიდები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
ტელეგრამარხი RESPUBLICA წერს, რომ დაკავების შესახებ „ხელისუფლებამ” ახსნა-განმარტება არ გააკეთა, რასაც სიტუაციის ესკალაცია მოჰყვა, რაც გადაიზარდა „უშიშროების ძალებთან“ შეხლა-შემოხლაში.
ხიდების გადაკეტვის შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „რესპუბლიკური ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა”.
ე.წ. უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს”.
დღეს დილით ტელეგრამარხმა RESPUBLICA გაავრცელა ვიდეო, სადაც აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა ასახული.
ე.წ. ოპოზიციონერების დაკავებამდე ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა მოახდენდა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას.
საინვესტიციო შეთანხმება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.
„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.
ამ შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა თითქმის იმავე შინაარსის ე.წ. „აპარტამენტების კანონის“ მიღების მცდელობა და პროტესტი.
„კანონი” უცხოელებს, ძირითადად, რუსებს ოკუპირებული რეგიონში ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალებას მისცემდა. მას ე.წ. ოპოზიცია და ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, ის საოკუპაციო რეჟიმმა 25 ივლისს გაიწვია და არ დაამტკიცა.
ადგილობრივები მას ეწინააღმდეგებოდნენ ფასების სავარაუდო ზრდის, ტურიზმის ბიზნესის ზარალის და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო ცვლილების გამო – აფხაზები შიშობენ, რომ „საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან”.
საინვესტიციო კანონი უცხოელებზე, ანუ რუსებზე მიწების მიყიდვას გულისხმობს.
„შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგება, წყალმომარაგება, სითბოს მიწოდება, ტრანსპორტი, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურა”. – თქვა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
ამასთან, 11 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს „კანონპროექტი” მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობის შესახებ. მიღებული „კანონის” მიხედვით, ეს შენობები არის „ექსკლუზიურად არასაცხოვრებელი ფართი სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის“, რომლებშიც „ნებადართულია საოფისე, საცალო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი შენობების განთავსება“.
ამასთან, აკრძალულია ამ შენობებში ბინების ან სასტუმროების განთავსება, რაც გათვალისწინებული იყო „აპარტამენტების შესახებ“ კანონით.