აფხაზური, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ამოიღეს კონტრაბანდულად შეტანილი კონსერვები, რომელთა ეტიკეტზე ქართული სიმბოლოები იყო გამოსახული.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიჭვინთაში შეამოწმეს მაღაზია, რომელშიც კონტრაბანდული საქონელი აღმოჩნდა.
„შემოწმების შედეგად ამოღებულია 38 ქილა კონსერვი, ეტიკეტზე ქართული სიმბოლოების გამოსახულებით – დროშისა და საქართველოს რუკის სახით“, – წერს აფხაზური მედია.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, პროდუქცია იქაური კანონმდებლობის დარღვევით იყო შეტანილი, დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და მასალები გადაეცა საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ დაკონსერვებული ხაშის ეტიკეტზე საქართველოს რუკა ეროვნული დროშის ფერებში იყო გამოსახული, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.