ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დე ფაქტო აფხაზეთის საგამოძიებო სამსახური მას საქართველოს დაზვერვასთან თანამშრომლობას ედავებოდა.
2022 წლის 26 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მას ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ აფხაზეთში ჯაშუშობა ედება ბრალად.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქრისტინე თაკალანძე ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო სამხედრო და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონით დაცული სხვა საიდუმლოების შეგროვებას.