ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება, – ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსული პროსამთავრობო მედიის, „РИА Новост-ის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილბას და აცხადებს, რომ მას გაასაჩივრებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას ემყარება.

აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი კანდიდატის ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივარი, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ ცნო. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივრის განხილვის პარალელურად აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან 9 იანვარს დაიწყეს და შენობის ბლოკირება მოახდინეს.