ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება – მასში მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები გაიმართა. ასლან ბჟანიამ პოსტი 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობდა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები დაგმო ევროკავშირმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ამასთან, არ ცნობს ამ „არჩევნების” ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.