ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების II ტური გაიმართა 

პუბლიკა

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების II ტური გაიმართა.

ე.წ პრეზიდენტის თანამდებობისთივს 2 კანდიდატი იბრძოდა: ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა.

ტელეგრამ არხის, Апсны Яхья-ს და რუსული გამოცემების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, „არჩევნებში” ბადრა გუნბა იმარჯვებს – მას ხმა 54.7%-ზე მეტმა მისცა.

„ეხო კავკაზას” თანახმად, ბადრა გუნბას მხარს რუსეთი უჭერს, ხოლო არძინბას ბრალად ედება „პროთურქული პოზიცია”.

ეს რიგგარეშე ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ნოემბერში ასლან ბჟანია გადადგა. გადადგომას წინ უძღოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროტესტი — ისინი სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების ჩაგდებას მოითხოვდნენ.

1 მარტს, ე.წ არჩევნების მიმდინარეობისას გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ.

კერძოდ, Apsnypress-ის ცნობით, „1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრაში, ცანდრიფშის მე-2 სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც დაზიანდა საარჩევნო ყუთი და დოკუმენტები”.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს ე.წ შსს-ის თანამშრომლებმა მიუსერას საგუშაგო გადაკეტეს და თავდამსხმელებს გაჩერება მოსთხოვეს. თავდამსხმელები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს. პასუხად ცეცხლი გაუხსნა მილიციამაც.

მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო რუსეთში.

რუსული საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თავდამსხმელის სახელი ნურიკ სმირია და ის ადგურ არძინბას ნათესავია.

ბადრა გუნბას შტაბმა ე.წ ოპოზიციის ლიდერის მომხრეები თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

დღეს, 2 მარტის დილას გავრცელდა ინფორმაცია ნურიკ სმირის გარდაცვალების შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინიტრის აპარატი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში.

განცხადების თანახმად, ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური” ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგი უხეში დარღვევაა,

„მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. “არჩევნები” ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს”. – ნათქვამია განცხადებაში.