ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე”, – წერს სუსი.


საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ de facto ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად.