ტყის ხანძრისგან გამოწვეული ავარიული გათიშვის გამო აფხაზეთის ნახევარი ჯერ ისევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ავარიულად გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზი „ფსოუ 220“, რომელიც ელექტორენერგიით ამარაგებს სოხუმს და აფხაზეთის მთელ დასავლეთ ნაწილს ფსოუმდე.
რამდენიმე წუთის წინ „ჩერნომორენერგომ“ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ხაზი მზადაა ელექტროენერგიის მისაღებად და ელოდებიან РФ-დან ძაბვის მიწოდებას.
რაც შეეხება ხანძარს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 5 დღეა მძვინვარებს – ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის ხელმძღვანელის, დავით ბგანბას ინფორმაციით, ამ დილით ორი ახალი კერა გაჩნდა ისეთ ადგილას, რომელიც ტექნიკისთვის მიუდგომელია და მის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ.
როგორც აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა, ოთხი სახანძრო განყოფილება მუშაობს ადგილზე. მათი ინფორმაციით, ხანძრის ინტენსივობა შემცირდა, ალი ძირითადად ტერიტორიის მთიან ნაწილში ვრცელდება.
ხანძარი ასევე დაფიქსირდა ერთი დღით ადრე ოჩამჩირის რაიონის სოფლებში მერკულასა და აძიუბჟაში, სადაც შვიდი ჰექტარი ტყე დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივნის რომან ლაბიას განცხადებით, მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს.