21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში.
აფხაზეთის რეჟიმის ე.წ. პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არცერთ ეტაპზე არ აღიარა.
ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა“.
მურადოვის სოხუმში დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის „ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე ლაპარაკობს“.
მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ წერდა:
„მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებდა მის მონაწილეობაზე ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე.
კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელებს არ ასახელებდა“.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურადოვს, სავარაუდოდ, „კონტაქტები ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ეგრეთ წოდებული გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება „მხედრიონის“ წევრებთან, ასევე სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ქართული ლეგიონის დაქირავებულებთან, რომლებიც იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს“.
„მურადოვს დაევალა რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული მატარებლების მონიტორინგი, რათა გაერკვია, ხდება თუ არა ჯავშანტექნიკის ან სხვა სამხედრო ტექნიკის გადატანა“, – წერს „აპსნიპრესი“.
მურადოვის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე საქართველოს ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.