ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ.

როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“.

„პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია, მთელი მმართველობის დროს, ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ასეთმა რიტორიკამ და აშკარა ტყუილებმა, რასაც ასლან ბჟანია ურცხვად მიმართავს, შესაძლოა იმოქმედოს არა ურთიერთობებზე რუსეთთან, არამედ – აფხაზეთის შიდა სიტუაციაზე. ასეთ მანიპულაციებს მხოლოდ ნეგატიური შედეგი ჰქონდა, რაც დარტყმა იყო, პირველ რიგში, თავად ბჟანიაზე და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებზე. დღეს მომიტინგეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ არა იმისთვის, რომ გამოვიდნენ მოკავშირეების წინააღმდეგ, არამედ – აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების, ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციასაც ცდილობდა ბჟანია, თავისი პირადი სარგებლისთვის“.

პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურის ჩაშლა მოჰყვა.

მოქალაქეებმა მოანგრიეს ე.წ. პარლამენტის ღობე და შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ძალოვნებსა და აქციის მონაწილეების შორის, რომელთა წინააღმდეგაც ძალოვნებმა ცრემლმდენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენეს.

დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა.

„საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.

„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.