ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გამცემი პუნქტების მუშაობა შეჩერდება 

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების და რუსული მართვის მოწმობების პუნქტების მუშაობა შეჩერდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რუსეთის საელჩო“ ოკუპირებულ რეგიონში.

რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი, „რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის სუვერენიტეტს, იძულებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტების შეჩერების შესახებ, ვინაიდან აფხაზი პოლიტიკოსები, მათ შორის სახალხო კრების ზოგიერთი დეპუტატი, ეჭვქვეშ აყენებენ აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას“.

„რუსეთის საელჩო“ აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტები შეიქმნა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების“ საფუძველზე, რომელიც ძალაში 2025 წლის აპრილში შევიდა. პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა. 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობის გამცემი პუნქტებიც.

„პუნქტების მუშაობის შეჩერების გამო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის აღნიშნული დოკუმენტების გაცემის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის ელჩმა“, მიხეილ შურგალინმა ასევე განაცხადა, რომ „აფხაზეთის პარლამენტის რიგი დეპუტატების პოზიციამ გავლენა მოახდინა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა მცხოვრებლებისთვის რუსული დოკუმენტების გაცემა“.

„4 თებერვალს, აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ზოგმა დეპუტატმა, მაგალითად, კან კვარჩიამ (…), ეჭვქვეშ დააყენა აფხაზეთში რუსეთის შსს-ს მიგრაციული სამსახურის სპეციალისტების ყოფნის მართლზომიერება და ეს წარმოაჩინა, როგორც ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლების აფხაზეთიდან გაწვევისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული დოკუმენტების გაცემის შეწყვეტის შესახებ“, – უთხრა შურგალინმა სოხუმში ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „რუსეთის შსს-ს თანამშრომლების ყოფნა არ არღვევდა აფხაზურ კანონმდებლობას და შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს“.