ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე ცემის შედეგად გარდაიცვალა - მოძრაობა „აფხაზეთისთვის"

პუბლიკა

მოძრაობა „აფხაზეთისთვის“ ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე ცემის შედეგად გარდაიცვალა. თემურ კარბაია ე.წ. მილიციის მსხვერპლი გახდა. მათი თქმით, ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

„ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. მილიციამ დააკავა ეს ადამიანი, სასტიკად სცემა და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, შეეცადეს მისი გადარჩენა და წაიყვანეს სოხუმში, მაგრამ სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა, – ამბობს მოძრაობა „აფხაზეთისთვის” წევრი ნუკრი ნოდია.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.