ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირთან ასოცირებული წევრების უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გამოწვევებზე ისაუბრა. მათ შორის, რუსეთის მიერ ამ ქვეყნების ტერტორიების ოკუპაციაზე.
„სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომლებიც გვაქვს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის სრული წევრობა სურს და ისწრაფვის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად ამ გზაზე ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი რუსული ოკუპაცია იყო.
„სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებში. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებოდი საოკუპაციო ხაზთან, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები და ჩემი ყურით მომესმინა ადამიანთა უფლებების დარღვევები.
უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც და ასეთ შემთხვევებში, ჩვენ კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი არჩევნის გაკეთება ქვეყნის მომავლისთვის.
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად. ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს რეალობა დამდგარია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრება მარტივი არ არის და უკრაინას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში კარგად ესმით, რა ამოცანები აქვთ ამ გზაზე შესასრულებელი და მათ ეს არ აშინებთ. ზელენსკის თქმით, სამივე ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირში თავის ადგილს აუცილებლად იპოვიან.