ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დღეს COVID-19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა. ჯერჯერობით, 17-ვე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Rec ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანა გაგლოევამ ოსურ მედიას უთხრა, ახალ ინფიცირებულებს შორის ერთი კადეტია, მეორე კი – სამხედრო პირი. „წინა საღამოს ჩვენ 38 პსრ ტესტი გავაკეთეთ, რომელთაგან ორია დადებითი, დანარჩენების პასუხი უარყოფითი იყო“, – თქვა გაგლოევამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯამში 297 ტესტია გაკეთებული. 279 ადამიანი კი კარანტინშია მოთავსებული.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, 12 მაისიდან 28 მაისამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა, ანაზღაურების შენარჩუნების პირობით. ბრძანება არ შეეხო ფარმაცევტულ და სამედიცინო სერვისების სექტორს, ასევე, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დაწესებულებებს.