სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია.
მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.
სუსი მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.