ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის ხმაურის გარეშე ვდგამთ ნაბიჯებს - ციხელაშვილი

პუბლიკა

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის ხმაურის გარეშე ვდგამთ ნაბიჯებს”, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომლებიც შეეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გალისთვის გადაცემულ დახმარებასთან დაკავშირებით და ასევე – მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ აფხაზეთში მოქმედებების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მით უფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა. მთელი ამ დღეებისა და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა.

მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი!”, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მის კომენტარს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.