ოკუპირებული აფხაზეთი 4 მარტს მის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 30 დრონის შემოსვლაზე საუბრობს.
გამოცემა „აფსნიპრესი“ „სამხედრო-საჰაერო ძალების“ სარდალ ადგურ გუმბაზე დაყრდნობით წერს, რომ „თავდასხმის დროს დაფიქსირდა დაახლოებით 30 დრონი“.
გუნბას თქმით, საჰაერო სივრცის დაცვაზე რუსეთთან ერთად მუშაბენ. მისი თქმით, ადრეც ფიქსირდებოდა „ერთეული გადაფრენები, 5-7 ერთეული“, რასაც არ ასაჯაროებდნენ თუმცა დღეს, როცა უპილოტო საფრენი აპარატები არაერთ დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა, დასამალი არაფერია.
გუნბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები დრონების პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენდა.
„აღმოჩენილი, დაახლოებით, 30 აპარატიდან 99% განადგურდა. ჩამოგდებული საშუალებების ფრაგმენტები ნაპოვნია 11 დასახლებულ პუნქტში.
„სამიზნეები ნადგურდება ან ფიზიკურად — რაკეტებითა და ჭურვებით, ან მწყობრიდან გამოდის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აპარატი ხდება უმართავი. ჩვენი ქვედანაყოფები ცდილობენ ცეცხლის კორექტირებას ისე, რომ ჩამოგდებულმა დრონმა არ ილივლივოს საცხოვრებელი განაშენიანების მიმართულებით. გუშინ ერთ-ერთმა აპარატმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, თუმცა სოხუმის ელექტროქსელების სპეციალისტებმა ოპერატიულად აღადგინეს ენერგიის მიწოდება““, – განაცხადა გუნბამ.
4 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში დრონების გამოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
Telegram-არხებზე ვრცელდებოდა ფოტო-ვიდეომასალა.
ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა – ინფორმაცია TASS-ს დაუდასტურა ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით საჰაერო სივრცის დრონების მიერ დარღვევას იგერიებდნენ. მარიონეტულმა უწყებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.