ოკუპირებული აფხაზეთიდან თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა - სუს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს უკავშირდება.

„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.

დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ნათქვამია განცხადებაში.