ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს,- ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

რუსული პროსამთავრობო მედიის, „РИА Новост-ის” ცნობით, ოპოზიციის 200-მდე წარმომადგენელი შენობაში იმყოფება და შიგნით არავის უშვებს. ისინი აგრძელებენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნას.

ამავე მედიის ცნოვით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა.


ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

დღეს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კვიცინია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას მოითხოვს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სექტემბერში გაიმართა და მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციონერი კანდიდატი მცირედი უპირატესობით დაამარცხა. ხაჯიმბამ ხმების 47.39% მიიღო, კვიცინიამ კი – 46.17%, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.