ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 „დეპუტატმა“, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ბჟანიამ მიიღო „ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად“.

საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების“ ფონზე დაიწყო, რომლის რატიფიცირებაც ე.წ. პარლამენტში 15 ნოემბერს უნდა მომხდარიყო. აქციაზე შეკრებულებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაანგრიეს და პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ.