ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს სადაც აღწერილია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ხალისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, კორონავირუსთან გამკლავების მიზნით, განახორციელა.

უფრო კონკრეტულად კი, განცხადებაში ნათქვამია, რომ:

• ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმოკლეს ვადაში აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავრცელდა საინფორმაციო მასალა კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ასევე, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე;
• გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველი სპეციალისტების მიერ; საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის;
• პანდემიასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.
• მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 4 პაციენტი, მათ შორის ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იქნა გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება.

აქვე ნათქვამია, რომ პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას არ შეუჩერებია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 589 პირს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შევინარჩუნოთ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მივიღოთ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
სამწუხაროდ, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი. ხელისუფლებამ იმთავითვე გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს – ადგილზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ეთხოვა მოსახლეობის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა. უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა“,- ნათქვამია განცხადებაში.

18 აგვისტოს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, აფხაზეთში COVID-19-ის გავრცელების ფონზე კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

გუშინ, 17 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სისტემას აღარ ჰყოფნის, ექიმების დიდი ნაწილი გადაღლილი და ზოგიერთი მათგანი კი დაინფიცირებულია, რის გამოც მინისტრმა თანამოქალაქეებს მოხალისეობაში ჩართვისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა.