ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს საქართველოს წარმომადგენლებთან რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს – ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.
„ეს ხიდაშელი არასდროს მინახავს, მაგრამ ვოლსკის მხოლოდ მედიიდან ვიცნობ“, – განაცხადა კიუტმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში არ შედის და ამის შესახებ მოლაპარაკებები არავისთან ჰქონია – „განსაკუთრებით მათთან“.
პარტია „დროას“ ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ვოლსკი საქართველოს გვერდით მდებარე კაფეში შეხვდნენ, სადაც „დროას“ განცხადებით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და კონფედერაცია განიხილეს.
ინფორმაცია დღეს, 7 მარტს გია ვოლსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, შეხვედრის იდეა ხიდაშელისგან წამოვიდა. ვოლსკის თქმით, დავით ხიდაშელს „არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც ანტიქართული იდეა არ გაუმჟღავნებია“.
„სიტყვა კონფედერაცია ახსენა საკმაოდ ხმამაღლა, ისე, რომ გვერდით მსხდომებმა მოიხედეს კიდევაც. ამაში თუ რამე აზრობრივი დევს – ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, რომ ასეთ ვითარებაში ამაზე ლაპარაკი არ არის”, – აღნიშნავს ვოლსკი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან” ხსნის, რომ თავისთავად კონფედერაციის იდეაში ცუდი არაფერია. თუმცა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთიდან წამოსული ინიციატივა, დავით ხიდაშელი კი რუსეთის ინტერესებს ატარებს.