ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების ფაქტს ეხმაურება.
ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
„დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს და საფრთხე შეუქმნეს მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევები იყენებდნენ ნაჯახს. შემდგომ, ისინი შეეცადნენ მესაზღვრეს მანქანით დასჯახებოდნენ და საქართველოში გადასულიყვნენ.
ამ უკანონო ქმედებებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობების შესაჩერებლად, მესაზღვრეებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ხოლო სამართლებრივი მოთხოვნებისადმი შემდგომი დაუმორჩილებლობის გამო ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილის საბურავებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.