ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეოს, ივანიშვილის განცხადების შემდეგ, „რეალური ნაბიჯების" მოლოდინი აქვს

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს – დე ფაქტო უწყება გამოთქვამს მოლოდინს, რომ ივანიშვილის პოზიცია იქცევა „რეალურ ნაბიჯებად”, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტად.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, მოჰყვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ამას არავინ აპირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მებრძოლ თავის თანამემამულეებს გმირებად მიიჩნევს, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად – სრულად შეესაბამება საქართველოში არსებულ დამახინჯებულ გაგებას რეალური მდგომარეობის შესახებ.

[…] ჩვენ მოველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გაჟღერებული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, სამომავლოდ გახდება საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო, დოკუმენტირებული უარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან საფრთხეზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს.

მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.