ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან. პარტიებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
73 საარჩევნო უბანი 17 ოლქშია გახსნილი, მათ შორის, ვლადიკავკაზსა და მოსკოვში.
არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.
ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს.
განახლება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.