ოკუპირებულ ლუჰანსკში ე. წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მოკლეს. ინფორმაციას პროკრემლისტური რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, სერჰი გორენკოს კაბინეტში აფეთქება მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა დაზიანებები მიიღო, შემდეგ კი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ დაადასტურა ცნობა, რომ აფეთქების შედეგად გორენკო დაიღუპა.
რუსული საოკუპაციო ძალების მტკიცებით, აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა და გორენკოს წინააღმდეგ ტერაქტი მოაწყეს. ჯერჯერობით, არ გავრცელებულა ინფორმაცია, აფეთქების შედეგად დაიღუპა თუ არა კიდევ სხვა ვინმეც.