ოკუპირებული რეგიონებიდან სამკურნალოდ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადმოვიყვანეთ – ახვლედიანი

პუბლიკა

„ოკუპირებული რეგიონებიდან მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიყვანეთ”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე უწყებამ უმაღლეს დონეზე განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. რაც მოიცავდა კონკრეტულ ქმედებებს:

„– კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას;

– ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინკონსულტაციებისა და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით;

– სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;

– პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას. – ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი;

– რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო; სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენს მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების გაწევა დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო.

ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებების მიღებას, რომლითაც წელს 900-მდე პაციენტმა ისარგებლა. გრძელდება ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაც და წელს ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.