ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს „ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას“.
ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარე და შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი ოლგა კალინა ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ცვლილება დიდ პრობლემებს ქმნის, როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათზე მზრუნველებისთვის.
„თუ გაითვალისწინებთ, რომ ფსიქოტროპული წამლები ყველა აფთიაქში არ იყიდება, და უამრავი ხალხი რეგიონიდან ჩამოდის მათ ასაღებად, მაგ. ყაზბეგში ვინც ცხოვრობს ჩამოდის ჯერ თბილისში და მერე მცხეთაში რომ აიღონ წამლები. ამ ხარჯების გამო ბევრი ვერ ახერხებს თუნდაც თვეში ერთხელ კუთვნილი წამლების მიღებას, მით უმეტეს ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას ორ კვირაში ერთხელ. რასაკვირველია, ტრანსპორტირების ხარჯების საკითხი გათვალისწინებული არ არის.
მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ტრანსპორტირებაში – ეს პროცესი საჭიროებს დროსა და ძალისხმევას. დამატებითი საკითხი – შესაძლო რიგების პრობლემა დისპანსერებში, სადაც ხალხს მინიმუმ ორჯერ უფრო ხშირად სიარული მოუწევთ. ცხადია, ასეთ პირობებში როგორც პაციენტების, ასევე მათი მზრუნველების უფლებები ირღვევა და განსაკუთრებით ირღვევა რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის. ბევრი წამლის დალევას ვერც გააგრძელებს, სირთულეების გამო და კიდევ უფრო ხშირი იქნება ბოლო წუთას სტაციონირებები (ანუ კიდევ უფრო გადაივსება ფსიქიატრიული სტაციონარები). გადასარევი რეფორმაა“, – წერს ოლგა კალინა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით.
ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი. ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.
კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა.
„ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში.