ოლიგარქების არაფორმალური გავლენის აღკვეთა – აშშ-ის დახმარების შეჩერების კიდევ ერთი წინაპირობა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ კანონპროექტს განმარტებითი დოკუმენტი დაერთო. დოკუმენტში საუბარია საქართველოსათვის გამოყოფილ დახმარებაზე და ასევე, ამ დახმარების 15%-ის შეჩერების წინაპირობებზე.

კანონპროექტის დოკუმენტისგან განსხვავებით, განმარტებით დოკუმენტში დახმარების ნაწილის შეჩერების კიდევ ერთი წინაპირობა ოლიგარქების მხრიდან სახელისუფლებო პროცესებზე არაფორმალური გავლენების აღკვეთაა.

„კომიტეტი სახელმწიფო მდივანსა და USAID-ს მოუწოდებს, პრიორიტეტები იმგვარ პროგრამებს მიანიჭოს, რომლებიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, ასევე  გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის გაძლიერებას ემსახურება. რუსეთის ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხე მკაფიოდ უსვამს ხაზს აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში.

15% ამ დახმარებისა არ შეიძლება გაიცეს მანამ, სანამ „სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს არ აუწყებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

განმარტებით ბარათში გაწერილია, თუ რას უნდა მიექცეს სახელმწიფო მდივნის მხრიდან ყურადღება, რათა დადგინდეს, რომ  საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

სახელმწიფო მდივანმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლება შემდეგი მიმართულებებით:

„1) საარჩევნო რეფორმის ეფექტურად გატარება;

2) სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან.

3) შესაბამისი პოლიტიკის გატარება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განსამტკიცებლად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის ჩათვლით.

4) სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების, ასევე მედიის დამოუკიდებლობის დაცვა.

5) ოლიგარქების მხრიდან სახელისუფლებო ფუნქციებზე, ასევე კანონმდებლობისა და რეგულაციების მიტაცების პროცესებზე არაფორმალური გავლენების აღკვეთა”, – წერია დოკუმენტში. 


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. დოკუმენტში 2021 წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტებია გაწერილი.

კანონპროექტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით 135 025 000 დოლარია განსაზღვრული, თუმცა ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტში თანდართულია წინაპირობა – ამ დახმარების 15% შესაძლოა შემცირდეს იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.