„ჩვენ გუშინ შეხვედრა გვქონდა ქალბატონ ოლსონთან და განვიხილეთ ყველა საკითხი. აქვე ვიტყვი რომ საერთოდ ნახსენები არ ყოფილა ამ შეხვედრაზე სააკაშვილი, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შესახებ.
„რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ გვქონდა საუბარი პოსტსაარჩევნო გარემოზე ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ქალბატონ ოლსონს და გვქონდა საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა. ეს იყო საუბრის თემა, არავითარი სააკაშვილი, არავითარი ეს ქაოსის იმიტაცია და ა.შ. საუბრის თემა იყო ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ხედვა რეგიონში საქართველოს როლთან დაკავშირებით“, – უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდნენ.