17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ამ თარიღს და აღნიშნავს, რომ ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკისა და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია, ვერ ახერხებენ.
ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობა, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. „უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.