ომბუდსმენი 24 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და შეკრებების მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განმარტავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი.

აქვე ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

„ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.

მნიშვნელოვანია შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება.

ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ.

15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში.

17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.