სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.
მან თქვა, რომ გამოხატვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამ უფლების დაცვა კონსტიტუციითა გარანტირებული, „თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როცა მცირე ჯგუფი მოქალაქეების არღვევდა კანონს, თუმცა უფრო დიდი ჯგუფი და ძირითადი ჯგუფი ჩვენი მოქალაქეების რუსთაველზე გამოხატავდა სამართლიან პროტესტს“.
მან შსს-ს მოუწოდა ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს.
იოსელიანის თქმით, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს აქციაზე, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად მქონდა მათთან საუბარი, პირადად ვნახე ეს ადამიანები, საზოგადოებამაც ნახა ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანები რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისგებაში. დაუშვებელია რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი“ – თქვა ლევან იოსელიანმა.
მან თქვა, რომ ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვლიან საჭიროდ.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მეცამეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. აქციები გაიმართა საზღვარგარეთაც. პარლამენტთან აქციებზე ჯამში ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი. ათობით ადამიანი გახდა სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, არაერთი ნაცემი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.