სახალხო დამცველი „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში „სავარაუდო არასათანადო მოპყრობას” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა”.
ასევე, მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლეს.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისთვის არაფერი განუმარტავთ, არც ადვოკატთან დაარეკინეს, ისე გამოუშვეს იზოლატორიდან.
„ტვ პირველთან” ინტერვიუში ხოშტარიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა იზოლატორსა და განყოფილებაში მომხდარი.
„განყოფილებაში იყვნენ ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი. მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, მე ვუთხარი, ჯიბეები შეგიძლიათ, ნახოთ, მაგრამ მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. ამის შემდეგ გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და რაღაც ვეიპი მქონდა და ამ ვეიპის ამოგლეჯისას კბილები, მერე სახეზე… იყო პირდაპირი ძალადობა, ცინიკური დამოკიდებულება. წარმომიდგენია, ადამიანებს, ვინც ვერ ყვებიან ამას, როგორ შეიძლება, ეპყრობოდინენ.
აქ შესახლებისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი მქონდა, არ გამიშვეს საპირფარეშოში. ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც ორი პოლიციელი მაკავებდა და მესამე მხდიდა. მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ. ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან.
მე არაფერი არ დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ეს იციან მათაც, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ თანამოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან, ამიტომ ვსაუბრობ სახელით და გვარებით და სხვებმაც უნდა გვითხრან“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბევრი წამალი აქვს გამოწერილი და ზუსტად არ იცის, რომელზე საუბრობს შსს.
„არ არის საინტერესო, რას იტყვიან, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
შსს ხოშტარიას საპასუხოდ ამტკიცებს, რომ ის „იქცეოდა აგრესიულად”, კანონიერი პროცედურების გავლისას დაარღვია შინაგანაწესი და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები“, რაც ვიდეოზეც ასახულია.
მათივე თქმით, ხოშტარიას „თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“