სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა შესახებ 2023 წლის ანგარიშში 14 წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობის საქმე განხილულია როგორც ბავშვთა უფლებების, ისე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის კუთხით.
14 წლის აითაჯი მოკლა კაცმა, რომელიც მან ის „ცოლად შერთვის“ მიზნით გაიტაცა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის თვალსაზრისით შემზარავი იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
ამასთან, ომბუდსმენის განცხადებით, აითაჯის გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია.
„მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით – დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად”. – წერია ანგარიშში.
რაც შეეხება აითაჯის საქმეს ბავშვთა უფლებების კუთხით – ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით.
„არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის სისტემის გამოწვევებს შორის, კვლავ საყურადღებოა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის, თავად ბავშვებისა თუ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ბავშვთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ”. – წერს სახალხო დამცველი.