ომბუდსმენი: [აქციაზე] დაკავებულის თქმით, აღელვების ნიადაგზე ციხეში საპარსის გადაყლაპვა სცადა

პუბლიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია.

ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა.

ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც გაიარა და აპირებს კონსულტაციის განმეორებას.

რაც შეეხება, მეორე დაკავებულს, ომბუდსმენი წერს, რომ მასაც საკანში დანარჩენ პატიმრებთან ჰქონდა შეუთავსებლობა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჰქონდათ კამათიც. სახალხო დამცველი წერს, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ომბუდსმენის თქმით, პატიმარმა საკნის შეცვლა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

ახლა კი, ომბუდსმენის განცხადებით, პატიმარი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ომბუდსმენთან კი მოთხოვნა არ გააჩნია.

„ერთ-ერთმა დაკავებულმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ადვოკატებმა დღეს თქვეს, რომ ისინი ციხეში მტრულ გარემოში ჰყავთ სხვა პატიმრებს. ასეთ გარემოს კი უქმნიან იმის გამო, რომ იყვნენ აქციაზე და პროტესტს გამოხატავდნენ.

დაკავებულების ადვოკატმა „პუბლიკას” უთხრა, რომ პატიმრები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას და უპირისპირდებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი თვითდაზიანებაც სცადა. აყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი 14 მაისს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს პარლამენტის უკან, რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან.