საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდი 2025 წელს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დღემდე არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა.
„დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, რომლის დროსაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე გრძელდება, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.“ – წერია ანგარიშში.
რა წერია სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში
2024 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი წერდა, რომ 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც პირველ რიგში ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა.
2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდ ტენდენციას ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკაც ადასტურებს:
„სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ;
2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე – 20.8%;
2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე – 51.1%;
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში – 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში – მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
2024 წლის აპრილისა და მაისის საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული ერთ-ერთი საქმის გამოძიების მასალაზე დაყრდნობით სახალხო დამცველი წერდა:
„გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმები, მეთოდები მათი გამოვლენის ხერხები, მსხვერპლში იწვევდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა თუ მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე პირის მიმართ, აქციებში მონაწილეობის გამო დასჯის მიზნით ჩადენილი ძალადობა თავისი ინტენსივობის, ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებოდა.“
ანგარიშის მიხედვით, მომიტინგეთა გამოკითხვების ოქმები მიუთითებს, რომ შავნიღბიანი სპეცრაზმელები არასათანადოდ ეპყრობოდნენ არა მხოლოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგაც – ე.წ. ცოცხალ დერეფანსა და მანქანებში.