ომბუდსმენი: აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მშობლების წარმომადგენელიც იქნება

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფში ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლების წარმომადგენელიც იქნება ჩართული.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მშობლების ჩართვის შესახებ წინადადება 2023 წლის 29 მარტს, იშვიათი დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წამოაყენა“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მშობლების პროტესტის შემდგომ საქართველოში შეიქმნა აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფში შედიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, მედიკოსები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები.