ომბუდსმენი ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებიც ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას მოითხოვენ.

აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში.

„ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის, “- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, როომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით.


ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.

ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.

„ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.